|
უკვე სიახლე აღარ არის შტატ ნიო-იორკში ქართული კულტურისა და მედიის ცენტრის GEZI.US-სთან არსებული საკვირაო სკოლის არსებობა. ბრუკლინის ადგილობრივმა ქართველებმა კარგად იციან სკოლის შექმნა-დაარსებისა და სულის ჩადგმის საქმეში სკოლის მესვეურთა, ილია და მაია ბარამიძეების ამაგის შესახებ. სკოლას ორი შესანიშნავი, უანგაროდ მოგვაწე მასწავლებელი ჰყავს: ირმა გვაზავა და მაია საბანაძე, რომლებიც ქართველ ბავშვებს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, ენასა და ლიტერატურას დიდი ენთუზიაზმით ასწავლიან.
2007-2008 სასწავლო წელი ბავშვებისათვის განსაკუთრებული სიახლეებით გამოირჩეოდა იანვარში GEZI.US-ს მოსწავლეებმა მანჰეტენის ჰელენ მილსის სახელობის თეატრის სცენაზე სპექტაკლები დადგეს. სკოლის მოღვაწეობა უფრო მეტად საინტერესო გახადა ქართველებისათვის ცნობილი და კოლორიტი მსახიობის ხათუნა იოსელიანის დრამატულმა წრემ. ქ-ნი ხათუნას მხატვრული ხელმძღვანელობით დადგმულმა საბავშვო სპექტაკლებმა განსაკუთრებული გამოცდილება შესძინა სკოლის ნორჩ დასს. მეტად სახალისო აღმოჩნდა სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად 23 მაისს სკოლის სხვადასხვა ჯგუფებისთვის მოწყობილი ე.წ. ”მეგობრული გამოცდები”. ამ დღეს ყოველმა კლასმა დემონსტრირება გაუკეთა იმ ცოდნას, რაც ჩვენმა არაქართულ გარემოში გაზრდილმა ქართველმა მოწაფეებმა არაჩვეულებრივი მასწავლებლების დახმარებით აითვისეს მხოლოდ 14 კვირის განმავლობაში. ქართულ სკოლაში ქართველები მხოლოდ შაბათობით დადიან. იგი არ მიეკუთვნება ტრადიციულ სკოლათა რიცხვს. მასწავლებლებს კი გაცილებით მცირე დრო აქვთ იმისათვის, რომ ნიუ იორკელ ქართველ ბავშვებს შეასწავლონ ის მასალა, რასაც საქართველოში მეთოდურად ეთმობა კვირის 5 დღე და ერთი სასწავლო წელი. იმ ქართველი ბავშვების 85%, ვინც დღეს სკოლის მოსწავლეა, ქართულ ანბანსაც კი არ ფლობდა და თუკი გარშემომყოფებთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობის დამყარებას არჩევდნენ, ქართულად მეტად მძიმე აქცენტით საუბრობდნენ. “მეგობრული გამოცდების” დროს უმცროს კლასელებმა გამოავლინეს ანბანის, წერა-კითხვის, ენის გასატეხების, ლექსებისა და ქართული ციტატების საფუძვლიანი ცოდნა. .ჟიურის წევრები და მისი თავმჯდომარე ილია Bბარამიძე გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ, ბავშვებს არ ანებივრებდნენ და სწავლისადმი მეტი ინტერესისა და ჯანსაღი კონკურენციის გასაღვივებლად სხვადასხვა სიმაღლის ქულებს უწერდნენ. თუმცა ბოლოს ქულათა რაოდენობა დაბალანსდა და მოსწავლეებმა დამსახურებულად მიიღეს მაღალი საერთო შეფასება და მანჰეტენის ირგვლივ ტური. ასევე მიმდინარეობდა 8-11 წლის უფროს კლასელთა შეჯიბრი. ორი გუნდი ცნობილი თამაშის "ვინ, სად, როდის" ფორმატით პაექრობდა და საკუთარ ცოდნას ავლენდა ქართული ისტორიის, წმინდანთა ცხოვრებისა და ლიტერატურის საკითხებში. მაღალ ჯგუფში თამაში ფრედ დამთავრდა და მეორე დღეს ყველანი ერთად გაეშურნენ მანჰეტენის დასათვალიერებლად. ტური GEZI.US-ს საჩუქარი იყო ნიუ იორკის ქართველი პატარებისათვის. ორსართულიან წითელ ავტობუსში შესულ მშობლებსა და ბავშვებს ექსკურსიამძღოლად საოცარი სითბოთი შეგვეგება ქალბატონი მანანა გოგინავა. როგორც მკითხველი მიხვდებოდა, GEZI.US კიდევ ერთი სიურპრიზი იყო ტურის ქართულად გაძღოლა. ნიუ იორკელმა პატარებმა მშობლიურ ენაზე მოისმინეს ისტორიები მანჰეტენის ღირშესანიშნავი უბნების, ცნობილი ადამიანების, ცათამბრჯენებისა და უნივერსიტეტების შესახებ. ვტობუსის მეორე სართულზე კი უზარმაზარი ქართული დროშა ფრიალებდა.
მანჰეტენის ტურის დასასრულს კი ქართული სკოლის დირექტორმა მაია ბარამიძემ კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა სკოლელებს. GEZI.US ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანტიკური სამყაროს შემსწავლელი ცენტრისაკენ გაეშურა, სადაც პირველ ივნისამდე მიმდინარეობს ქალაქ ვანში აღმოჩენილი ქართული საგანძურის გამოფენა. ქართული სკოლა GEZI.US-ს საინტერესო მოგზაურობა ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში პიკნიკით დამთავრდა. GEZI.US-ს ამ ლამაზი საჩუქრით აღფრთოვანებული მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ხოლო თავად ქართული კულტურისა და მედია ცენტრის GEZI.US-სთვის მომავლის, ჩვენი ბავშვების სწორი გეზით სავალზე ეს მხოლოდ დასაწყისია.
თამუნა ნემსაძე. |